19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს.
რას ნიშნავს ფერისცვალების დღესასწაული და რას უკავშირდება მისი წარმოშობა?
” სახარების თანახმად მაცხოვარმა სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე წაიყვანა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას მათ ნახეს, რომ იესომ მათ წინაშე ფერი იცვალა. ფერისცვალებისას მისგან ისეთი ნათელი გადმოდიოდა, რომ მოციქულებმა თვალი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ. ფერისცვალების ჟამს მოციქულებმა დაინახეს, რომ უფალს მარჯვნივ და მარცხნივ მოსე და ელია წინასწარმეტყველები ედგნენ, ზეციდან კი მამის ხმა მოისმა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო–ვყავ; მაგისი ისმინეთ!” ამის შემდეგ მაცხოვარმა კვლავ ადრინდელი სახე მიიღო და მოციქულებს უბრძანა, მომხდარის შესახებ მის აღდგომამდე არავისთვის ეთქვათ. მოციქულები განაცვიფრა ამ ხილვამ, უფლის ბრწყინვალებამ. იგივე დაემართებოდა ნებისმიერ ჩვენგანს, ამიტომ უფალმა მხოლოდ წამიერად გვიჩვენა თავისი ნამდვილი სახე – სახე, რომელსაც ჩვენსავე საკეთილდღეოდ გვიმალავდა. სწორედ ამ განუზომელი ნათლის გამო იყო, ჩვეულებრივი ადამიანივით რომ დადიოდა – სხვაგვარად მას ვერც კი შეხედავდნენ. ამავე დროს, იმის მაგალითსაც გვაძლევდა, რაოდენ თავმდაბალი უნდა იყოს ქრისტიანი.“
მაინც რატომ გამოარჩია ქრისტემ ეს სამი მოწაფე? პეტრე – უფლის უსაზღვრო სიყვარულით, იოანე – ერთგულებით, იაკობი კი – იმ სიტყვების გამო, ძმასთან ერთად რომ უთხრა იესოს: ძალგვიძს, შევსვათ შენი სასმისი. იოანე დამასკელი სახარების ამ ადგილს ამგვარად ხსნის: მაცხოვარმა თან წაიყვანა პეტრე, რათა ეჩვენებინა, რომ მისი მოწმობა ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ მამის მოწმობითაც მტკიცდებოდა და დაერწმუნებინა იგი, რომ თვით ზეციურმა მამამ განუცხადა ეს მოწმობა; იაკობი – რაკი სხვა მოციქულებზე ადრე ჰქონდა სურვილი, მომკვდარიყო უფლისათვის და ბოლოს, იოანე – ქალწულებისა და ღვთისმეტყველების სიმბოლო, რათა ეჭვრიტა ღვთის ძის მარადიული დიდებისთვის და ეთქვა: “პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი.“
ყველა თქვენგანისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება, ხოლო ოჯახებში ასევე ხილის სუფრები იშლება. მრევლს ტაძარში მოაქვს ხილი, რომელსაც კურთხევის შემდეგ ან ეკლესიაში ტოვებენ, ან ოჯახებში მიაქვთ. ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს სამადლობლის გადახდის მიზნით უფალს სწირავდნენ.