თელავში ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაგებულია. გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები ტროტუარების მოსაწყობად.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალური ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, მასშტაბურობის მიუხედავად, უმოკლეს ვადებში დასრულდება და თელავს კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება.
„ასფალტის საფარი შეიცვლება ქუჩის სრულ,1083მ სიგრძეზე. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ბორდიურები, საფეხმავლო ნაწილი კი ფილებით მოპირკეთდება. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 2 081 479 ლარს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რეაბილიტაციის პროცესს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი ადგილზე გაეცნენ.