2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მართვის მოწმობის აღბის მსურველებს მოუწევთ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება.
აღნიშნული ცვლილება გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით.
სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით, გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატისათვის შერჩევითად შეიძლება მიცემულ იქნეს შემდეგი დავალებები (2 დავალება):
B კატეგორიის საგამოცდო ავტომობილზე:
- განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებული უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის);
- განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: სამუხრუჭო სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში სამუხრუჭე სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის);
- განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა (პასუხი: ძრავის ჩართვამდე მუხრუჭის სატერფულზე რამდენჯერმე დაწოლის შემდეგ, სატერფულზე მუდმივ რეჟიმში ერთ დონეზე ზემოქმედებისას (სატერფულზე დაჭერილი ფეხის გაჩერებით) უნდა ჩაირთოს ძრავა. ძრავის ჩართვამ უნდა გამოიწვიოს სატერფულის გარკვეულ დონემდე (არა ბოლომდე) თავისუფლად დაშვება, რის შემდეგ, სატერფულზე არ უნდა შეიგრძნობოდეს ზედმეტი სირბილე. ამასთან, მოძრაობის პირობებში დამუხრუჭებისას სატრანსპორტო საშუალებას არ უნდა „ქაჩავდეს“ გვერდზე);
- განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა (პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს);
- განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ (პასუხი: ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში ან სატრანსპორტო საშუალების ძარაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ დამაგრებულ სათანადო ფირნიშზე);
- და ა.შ
აჩვენოს:
- სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი);
- სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს მინამრეცხის რეზერვუარი);
- სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავში ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცის სახელური);
- და ა.შ.