საქართველოს პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას დაუჭირა მხარი, რომელის მიხედვითაც სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების საკითხი საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება.
საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საჯარო დაწესებულებებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება. ასევე, ახლებურად განიმარტება ტერმინები „სტაჟირება“ და „სტაჟიორი.“
საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება და მოწესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით.
„ცვლილებით განსაზღვრულია 2 კატეგორია. ჩვენ გათანაბრებული გვაქვს ანაზღაურება საჯარო დაწესებულების მე-3 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილ პირველ სახელფასო კოეფიციენტზე, რაც დაახლოებით 400-500 ლარს შეადგენს. ამავდროულად, ჩვენ მიღებული გვაქვს კანონი დეფიციტური პროფესიების შესახებ და თუ სტაჟიორი იქნება ამ მიმართულებით და ამასთანავე, უწყებას ექნება ამის საშუალება, მას შეუძლია სტაჟიორს განუსაზღვროს ანაზღაურება, რომელიც იქნება არაუმეტეს საჯარო დაწესებულების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი მე-2 სახელფასო კოეფიციენტისა, რაც დაახლოებით 1 000 ლარის ოდენობაა,“ -განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.