სახელმწიფო ქარხნებმა ყურძნის ჩაბარება დაიწყეს

 

რთველი 2022 ოფიციალურად დაიწყო თელავის მუნიციპალიტეტში. თელავში მიმდინარე წლის 24 აგვისტოდან მუშაობს რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აწარმოვებს ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობას ელექტრონულ სისტემაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით,  მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება.

„წლების განმავლობაში, ჩვენ თანმიმდევრულ პოლიტიკას ვახორციელებთ და წარმატების შედეგებიც სახეზე გვაქვს. წარმოება და ექსპორტი მზარდია და ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ. წელს ველოდებით 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიულ გადამუშავებას. სახელმწიფომ ყველა წინაპირობა შექმნა, რომ რთველი იყოს წარმატებული და მოსავალი სრულად და ორგანიზებულად დაბინავდეს. დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის მიერ მიღებულია რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება”,- აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, მთავრობამ რთველი 2022-ის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი გამოყო.

მევენახეები, PR-MC -თან საუბარში თუ რამდენად მისაღებია მათთვის სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული ფასი,  კონკრეტული შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ ყურძნის ნაწილს ტრადიციისამბერ დაწურავენ, ხოლო გარკვეულ ნაწილს ჩააბარებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც, 2022 წლის რთველის განმავლობაში, შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს. ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის – 0,35 ლარი.