დღეს, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
სახელმწიფო დროშა წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სიმბოლოს, რომელშიც განივთებულია სახელმწიფოებრიობის უწყვეტი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მისი საზოგადოების ცივილიზაციური არჩევანი და ადგილი თანამედროვე მსოფლიოში.
ჰერალდიკის საბჭოს ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო დროშა მიჩნეულია ერთ–ერთ უძველეს დროშად. გორგასლიან–დავითიან დროშად წოდებული თეთრ ველზე გამოსახული ხუთი მეწამული ჯვარი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს, მისი ტერიტორიის აღმნიშვნელი სიმბოლოა.
1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, დადგა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენის საკითხი. 2004 წლის 14 იანვარს, სამეცნიერო და სამართლებრივი საფუძვლების მომზადების შემდეგ, დადგინდა საქართველოს სახელმწიფო დროშა.
საქართველოს სახელმწიფო გერბთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშა წარმოადგენს ქვეყნის უზენაეს ატრიბუტს და მისი მხატვრულ–შინაარსობრივი სახე განსაზღვრავს ყველა სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ხასიათს.
საქართველოს სახელმწიფო დროშის საფუძველზე იქმნება სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, დაწესებულებათა ემბლემები, სამხედრო მომსახურეთა და სამართალდამცავ პირთა განმასხვავებელი ნიშნები, სახელმწიფო დოკუმენტები და სიმბოლოთა ერთობლიობები.
საქართველოს მოქალაქის ღირსების და დაცულობის სიმბოლო სახელმწიფოს საქმიანობის უკლებლივ ყველა სფეროში მონაწილეობს და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და საზოგადოებას ერთ მთლიანობად წარმოადგენს,“-ჰერალდიკის საბჭო.
სახელმწიფო დროშის დღე მოქალაქეებს მიულოცეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრტაციამ და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა.