2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაწყებული საწვავის ფასის მოკვლევა დასრულდა.
“საკითხი ეხება – 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. მოკვლევის შედეგად დადასტურდა – შპს “ლუკოილ-ჯორჯიას,” სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას,” შპს “სან პეტროლიუმ ჯორჯიას,” (გალფი), შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის” და შპს “რომპეტროლ საქართველოს” მიერ “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია – ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა,” – წერია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში. განცხადებაში წერია ისიც, რომ დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს გააგრძელებს.