„სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი განიხილა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა საქართველოს პარლამენტის წევრმა ხატია წილოსანმა, რომლის ინფორმაციით, კანონპროექტი სიახლეა ქართულ სინამდვილეში და ასევე წარმოადგენს პირველ ინიციატივას რეგიონში, რომელიც ეხება სურსათის ნარჩენების, სურსათის დანაკარგების და შეწირულობის საკითხს.
„მთელ მსოფლიოში აქტუალურად დგას საკითხი სურსათის ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებულ თემებზე, ჩვენ მიერ ეს გადაწყვეტილება მიღებულია გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით და ევროკავშირის დაფინანსებით. საქართველო არ წარმოადგენს გამონაკლისს და 2020 წლის მონაცემებით, 261 ტონა სურსათი მიდიოდა ნაგავსაყრელზე. ერთ სულ მოსახლეზე ეს არის საკმაოდ დიდი მაჩვენებელი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.“ – განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს ერთი მხრივ, სურსათის ნარჩენების შემცირების უზრუნველყოფას, მეორე მხრივ, გააჩენს შესაძლებლობას დაინტერესებული მხარეებისთვის, რომ ნარჩენი სურსათი მოაწოდონ ბენეფიციარებს, ვისაც ამის საჭიროება უდგას.
კანონმდებლობით შემოდის ახალი ცნებები – სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია და სურსათის ბანკები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება მარკეტებიდან საბოლოო ბენეფიციარებამდე პროდუქციის მიწოდება.
პროექტი ამავდროულად გარკვეულ ეკონომიკურ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, მარკეტებს და ქსელებს, რომლებიც ვადის მქონე სურსათის განაწილებას მოახდენენ დაინტერესებული ბენეფიციარებისთვის, ექნებათ საგადასახადო შეღავათი, ისინი ისარგებლებენ დღგ-ს ჩათვლის უფლებით და გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.
კომიტეტმა განხილულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.