საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა თელავში შეხვედრა გამართა

კახეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია, განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები და არსებული გამოწვევები.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და შესაბამისი ზედამხედველობის კომპანიების წარმომადგენლები.