რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის, EIB-ის მხარდაჭერით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მასშტაბური ერთიანი საკომუნიკაციო კამპანია – „უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის“ დაიწყო. კამპანიის მიზანს წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, საქართველოში სიკვდილიანობის და სხეულის დაზიანების შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკავშირდება ავტოსაგზაო ინციდენტებს. არსებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი გამომწვევი მიზეზებია: ზოლიდან ზოლში არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედის გამოუყენებლობა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვა, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა უსაფრთხო ტრანსპორტირების საკითხიც.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, დაშავდა 15 222 და დაიღუპა 879 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი.
„ჩვენ მეტად უსაფრთხო და უკეთეს გზებს ვქმნით საქართველოში, ჩვენს პარტნიორებთან ევროპის საინვესტიციო ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად. ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელსაც დღეიდან ვიწყებთ, შეუძლია შეამციროს საგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში. ყოველწლიურად, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ავტოსაგზაო შემთხვევებს, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის მეტად უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
სამხრეთ კავკასიაში EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, მაჩიე ჩურის განცახდებით, საქართველოსთვის ევროკავშირისგან გამოიყო დაფინანსება 1 მილიარდი ევროს ოდენობით და ამასთან ერთად, 40 მილიონ ევრომდე გრანტის სახით გადაეცა.
„საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) საქართველოში ოპერირება დაიწყო. ამ მიზნის მისაღწევად ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის საგზაო პროექტის მშენებლობასა და განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანა. საქართველოსთვის ევროკავშირისგან გამოიყო დაფინანსება 1 მილიარდი ევროს ოდენობით და ამასთან ერთად, 40 მილიონ ევრომდე გრანტის სახით გადაეცა.“ – განაცხადა მაჩიე ჩურამ.