საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები იწყება.
უწყების ცნობით, საგარეჯო-ბადიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი კახეთის ახალი მაგისტრალური გზის შემადგენელი ნაწილია, რომლის მშენებლობის ხელშეკრულებასაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს დღეებში გააფორმებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაასრულებს 2025 წელს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით. მისი საერთო ღირებულება კი 276.7 მილიონი ლარია.
„კახეთის მაგისტრალის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ყველაზე მნიშვნელოვან, 35 კმ–იან, მონაკვეთზე, რომელიც თბილისიდან საგარეჯომდე ჩადის და 3 მონაკვეთად შენდება: ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი–საგარეჯოს მონაკვეთი და საგარეჯოს შემოვლითი გზა. ვაზიანის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის – 2024 წელს იგეგმება. პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს.
ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს ბაკურციხე–წნორის შემოვლით, 16.6 კმ–იან გზაზე, რომელიც გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს.“- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.