საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, გარეჯობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ, მასშტაბურად აღინიშნა გარეჯობის სახალხო დღესასწაული.
გარეჯობას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი გიორგი ბენაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სპორტის სამინისტროს, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ გარეჯობის დღესასწაულზე ოფიციალურად გაიხსნა ლევან თედიაშვილის – გამოჩენილი ქართველი ფალავანის სახელობის სპორტული კომპლექსი სოფელ უდაბნოში.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახალხო დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და გარეჯობა მიულოცეს.
გარეჯობის სახალხო დღესასწაული დავით გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართებოდა. 1988 წლის შემდეგ, ეს დღესასწაული მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს მცირე მასშტაბით აღინიშნა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით აღნიშნული დღესასწაული 2018 წლის 21 მაისს იქნა აღდგენილი, როგორც მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაული.
დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს ტერიტორიაზე დახვდათ – თემატური, საგამოფენო, საბავშვო-გასართობი და სახელოვნებო სივრცეები.
მოეწყო ფოტოგამოფენა, სახელწოდებით, გარეჯობის ისტორიები.
გაიმართა ცხენოსანთა დოღი, ჩატარდა ტრადიციული ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.
ღონისძიება დასრულდა გალა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ “ნიჭიერის” გამარჯვებული ნინი ორკოშნელი, ჯგუფი „ურსა“ და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები.