როდის და რატომ გამოცხადდა 26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღედ

26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა.

1970 წლის 26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება, ხოლო 30 წლის შემდეგ, 2000 წელს ეს დღე გამოცხადდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღედ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან ძალიან მალე, 1992 წლის 20 აგვისტოს შეიქმნა საქართველოს საპატენტო უწყება „საქპატენტი.“

დღეს კი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, დამოუკიდებელ საქართველოში საქპატენტის მიერ გამოგონებებზე გაცემული პატენტის დამადასტურებელი პირველი დოკუმენტების გამოფენა მოეწყო. საბუთები, რომლებიც 1992-93 წლებით თარიღდება ასახავს საინჟინრო, სამედიცინო თუ სხვა მეცნიერების დარგში ქართველი გამომგონებლების მიღწევებს, მათ შორისაა, საქპატენტის მიერ ქალბატონ მაია კივილაძის სახელზე გაცემული პატენტი სამედიცინო სფეროში არსებული გამოგონებისთვის, რომელიც ძალაშია 1992 წლის 4 დეკემბრიდან.

წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის თემაა „ქალები და ინტელექტუალური საკუთრება: ინოვაციებისა და შემოქმედებითი საქმიანობის დამაჩქარებლები.“

ქალი გამომგონებლების წახალისება და გაძლიერება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაცხადა 2023 წლის პრიორიტეტულ მიზნად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გამოფენა, სწორედ, იმ თანამშრომლებთან ერთად გახსნა, რომლებიც საქპატენტში 1992 წლიდან მუშაობენ. მათ შორის 6 ქალი და 1 მამაკაცია: ლალი ჭანტურია, ქეთევან ბეგიაშვილი, მზია ჩაჩანიძე, ირინა მუღალაშვილი, ლალი ახალკაცი, ნინო ქიტიაშვილი და ირაკლი დიასამიძე. ეს ის ღვაწლმოსილი თანამშრომლები არიან, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი საპატენტო დოკუმენტების გაცემაში იღებდნენ უშუალო მონაწილეობას.