როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ემოციური ინტელექტი – მისი როლი და მნიშვნელობა

მშობლისა და ბავშვის ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს ემოცია, როგორც დაბადებამდე ისე მის შემდეგ. მშობლის მიერ ბავშვის მიმართ გამოხატული სწორი ემოციები და ქმედებები ხელს უწყობს ბავშვის ფსიქოლოგიურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას. ბოლო დროს ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ბავშვის სამომავლო წარმატებას არამხოლოდ კოგნიტური (გონებრივი) ფაქტორები, არამედ ემოციური ინტელექტის მაღალი მაჩვენებელი და კარგად განვითარებული სოციალური უნარები განაპირობებს.

როგორ დავეხმაროთ პატარებს ემოციური ინტელექტის განვითარებაში?

  • დაეხმარეთ პატარებს ემოციების ამოცნობაში

შეეცადეთ ბავშვის განცდები და ემოციები  ამოიცნოთ და მათ შეურჩიოთ შესაფერისი სახელი. მაგალითად: გახარებული, მოწყენილი, გაბრაზებული, ბედნიერი და ა.შ. ამით ბავშვები სწავლობენ საკუთარი ემოციების ამოცნობას და სწორ ვერბალიზაციას. შემდგომში მშობლებსაც უადვილდებათ ბავშვებთან ურთიერთობა და მარტივად ხვდებიან თუ რას გრძნობს ბავშვი ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში.

  • გამოხატეთ თანაგრძნობა ბავშვების მიმართ

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თქვენს შვილს ვერ ეხმარებით, აგრძნობინეთ მათ რომ  ამის გამო შეწუხდით. ბავშვი გრძნობს ემპათიას და თავისუფლდება ნეგატიური ემოციებისაგან. მისთვის მნიშვნელოვანია, გვერდით ეგულებოდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ზრუნავს და ღელავს მასზე.

  • მოუსმინეთ თქვენს შვილს

არ აქვს მნიშვნელობა ბავშვის ასაკს. მას ყოველთვის სჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც მოუსმენს და თანაუგრძნობს. ბავშვი უფრო უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს თავს ისეთ გარემოში, სადაც უსმენენ და სჯერათ მისი.

  • მიეცით საშუალება პატარებს თავად გაუმკლავდნენ პრობლემებს.

დაბადების პირველივე წუთიდან პატარები უამრავ პრობლემას აწყდებიან. უმეტეს შემთხვევაში მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ, მაგრამ არსებობს სიტუაციები, რომლის დროსაც ბავშვებს  შეუძლიათ თავად გაუმკლავდნენ პრობლემებს. პრობლემების მოგვარებით ბავშვები თავისუფლდებიან ემოციებისაგან და სწავლობენ რეალურ სამყაროში ნამდვილ პრობლემებთან გამკვლავების გზებს.
შვილისა და მშობლის ჯანსაღი ურთიერთობა განაპირობებს ბავშვის სამომავლო ემოციურ, სოციალურ და მენტალურ კეთილდღეობას. ამიტომ მოუსმინეთ პატარებს, გამოხატეთ ემოციები და ასწავლეთ დამოუკიდებლად პრობლემის მოგვარების გზები.