რეინჯერთა მსოფლიო დღე საქართველოში მასშტაბურად, ოთხ ლოკაციაზე აღინიშნა.

რეინჯერთა მსოფლიო დღე საქართველოში მასშტაბურად, ოთხ ლოკაციაზე აღინიშნა.
31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში რეინჯერთა დღე მასშტაბურად, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე – ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, კოლხეთისა და ალგეთის ეროვნულ პარკებსა და სათაფლიას აღკვეთილში აღინიშნა.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი დაესწრნენ.
„დღეს რეინჯერთა მსოფლიო დღეა. საქართველოს უნიკალურ ბუნებას, დაცული ტერიტორიების ფარგლებში, 21 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. დაცული ტერიტორიები წარმოადგენს საქართველოს 13%-ზე მეტს, აქედან გამომდინარე მათზე დაკისრებული მოვალეობა მრავალმხრივი, რთული და რისკის შემცველია. კიდევ ერთხელ ვულოცავ რეინჯერებს, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დასაცავად. ჩვენი გამორჩეული ბუნება ჩვენი მომავალი თაობების საკუთრებაცაა და სწორედ ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მასზე განსაკუთრებულად“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
“კახეთი ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებს არამხოლოდ – ღვინის, კულტურული, თუ პილიგრიმული ტურისტული მიმართულებებით, არამედ, კახეთის ტურისტულ პოტენციალს დიდწილად განაპირობებს, ის ავთენტური, შთამბეჭდავი ბუნებრივი სილამაზე, რაც ჩვენს რეგიონს გააჩნია. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბუნების დაცვაზე 24-საათიან რეჟიმში ზრუნავთ, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქვეყნო საქმეში და საუკეთესოდ უმკლავდებით პროფესიულ მოვალეობას. თქვენი ღვაწლი, რაც გულისხმობს ბუნებრივი საგანძურის დაცვას და მის შენარჩუნებას მომავალი თაობებისთვის, ნამდვილად დასაფასებელია, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს გიხდით მადლობას, გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას”, – აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.