რეგიონული განვითარების მინისტრად კახაბერ გულედანი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონული განვითარების მინისტრად კახაბერ გულედანი წარადგინა.
როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კახა გულედანს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ფართო გამოცდილება აქვს.
„რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ მას ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ერთობლივად,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა კახაბერ გულედანის პროფესიულ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ის კერძო სექტორში მუშაობდა, ხოლო 2016-2017 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
„კახა გულედანი იყო სამგორის რაიონის გამგებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. ის დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და კახა გულედანს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
კახა გულედანმა მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.