- რას ნიშნავს ბავშვის განვითარება?
ბავშვის განვითარება არის პროცესი, რომელიც უნდა გაიაროს ყველა ბავშვმა. ეს პროცესი გულისხმობს ისეთი უნარების სწავლას და დაუფლებას, როგორიცაა: ჯდომა, სიარული, ლაპარაკი, ხტომა და ფეხსაცმლის შეკვრა. ბავშვები სწავლობენ ამ უნარებს, რომლებსაც უწოდებენ განვითარების ნიშანსვეტებს.
არსებობს ბავშვთა უნარების განვითარების ხუთი ძირითადი სფერო:
- შემეცნებითი განვითარება – ნიშნავს ბავშვის უნარს ისწავლოს და გადაჭრას პრობლემები. მაგალითად აქ იგულისხმება ორი თვის ბავშვის მიერ გარემოს შესწავლა ხელების და თვალების მეშვეობით. ან ხუთი წლის ბავშვის მიერ მარტივ მათმატიკურ დავალებასთან გამკლავების სწავლა.
- სოციალური და ემოციური განვითარება – ნიშნავს ბავშვის უნარს იურთიერთოს სხვებთან, მათ შორის საკუთარი თავის დახმარებას და თვითკონტროლს. ამ ტიპის განვითარების მაგალითებია: ექვსი კვირის ბავშვის ღიმილი, ათი თვის ბავშვის დამშვიდობებისას ხელის დაქნევა, ხუთი წლის ბავშვის მიერ სკოლის თამაშებში რიგითობის დაცვა.
- მეტყველების და ენის განვითარება – ნიშნავს ბავშვის უნარს გაიგოს და გამოიყენოს ენა, მაგალითად თორმეტი თვის ბავშვის მიერ პირველი სიტყვების წარმოთქმა, ორი წლის ბავშვის მიერ თავისი სხეულის ნაწილების დასახელება, ხუთი წლის ბავშვის მიერ სწორად ლაპარაკის სწავლა („ფეხები“ და არა „ფეხნი“).
- წვრილი მოტორული უნარების განვითარება – ნიშნავს ბავშვის მიერ მცირე კუნთების, განსაკუთრებით, ხელების და თითების გამოყენებას მცირე საგნების ასაღებად, კოვზის დასაჭერად, წიგნის გადასაფურცლად, ფერადი ფანქრით დასახატად.
- მსმხვილი მოტორული უნარების განვითარება – ნიშნავს ბავშვის მიერ დიდი კუნთების გამოყენებას. მაგალითად 6 თვის ბავშვი სწავლობს დახმარებით ჯდომას, 12 თვის ბავშვი ცდილობს დადგეს ავეჯზე დაყრდნობით, ხუთი წლის ბავშვი სწავლობს ხტომას.
რას ნიშნავს განვითარების ნიშანსვეტი?
განვითარების ნიშანსვეტი ნიშნავს უნარს, რომელსაც ბავშვი იძენს კონკრეტული დროის მონაკვეთში. მაგალითად, განვითარების ერთ-ერთი ნიშანსვეტია სიარულის სწავლა. ნიშანსვეტების განვითარება ხდება თანმიმდევრულად. ეს ნიშნავს, რომ ბავშვმა უნდა განავითაროს გარკვეული უნარები, სანამ განავითარებს ახალ უნარებს. მაგალითად, ბავშვმა ჯერ უნდა ისწავლოს ხოხვა და წამოდგომა, სანამ შეძლებს სიარულს. ბავშვის მიერ შეძენილი ყოველი ახალი ნიშანსვეტი ეფუძნება მის მიერ განვითარებულ ბოლო ნიშანსვეტს.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს შეესაბამებოდეს განვითარების ნიშანსვეტებს?
ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე, არის გენეტიკა. ბავშვები იბადებიან შესაბამისი გენებით, რომლებიც აყალიბებენ მათ თვისებებს. მაგალითად გენები განსაზღვრავს თუ რა ფერის თვალები ექნება ბავშვს-ცისფერი თუ ყავისფერი, იქნება ის ცაცია თუ არა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე გარემოა. ეს ნიშნავს იმ გამოცდილებას, რომელსაც ბავშვი იძენს სახლში, სკოლაში და საზოგადოებაში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების მიერ ყოველდღიური აქტივობები ბავშვის გონებრივი განვითარების სტიმულირებისათვის.
- მიეცით ბავშვს ბევრი სიყვარული და ყურადღება;
- იურთიერთეთ ბავშვთან საუბრის, სიმღერის, თამაშის და კითხვის გზით. ამ საშუალებით ბევრს შეიტყობთ ბავშვის ინტერესებისა და უნარების შესახებ;
- წაუკითხეთ წიგნები. კვლევების მიხედვით, ბავშვებმა, რომლებსაც მშობლები წიგნებს უკითხავენ გაცილებით ბევრი სიტყვა იციან, ვიდრე სხვა ბავშვებმა. გარდა ამისა, უყალიბდებათ ცხოვრების ახალი ხედვა, არსებულ სამყაროსთან დაკავშირებით;
- შეუზღუდეთ ტელევიზორის და ვიდეოს ყურება დღეში 1-2 საათამდე.
წყარო: ევექსის ჰოსპიტალები