რას წერს National Geographic-ი ქართული სამზარეულოს შესახებ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქართული სამზარეულოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა National Geographic-მა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტმა ჯენიფერ ჰათამმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. National Geographic-მა სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „ხაჭაპური ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.“ სტატიის ავტორი National Geographic-ის ონლაინ მკითხველს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და კულინარიას აცნობს.

თბილისში ჩამოვედი ხაჭაპურის უკეთ შესასწავლად. დაგემოვნების შემდეგ მივხვდი, რომ რამდენიმე დღე არ მეყოფოდა და ხაჭაპურის სხვადასხვა ვერსიის გასაცნობად უფრო მეტი დრო მჭირდებოდა. საქართველოში ხაჭაპურის თითქმის 50 სახეობაა. ზოგიერთი მრგვალია, ზოგიც კვადრატი, შეიძლება იყოს ღია, დახურული ცომის, რბილი ან ფურცლოვანი. ხაჭაპური მზადდება როგორც ღია, ასევე დახურულ ღუმელში, შეზავებული ხორცთან, მწვანილთან, კარტოფილთან ან ხახვთან. შეთანხმებული წესები არ არსებობს.“- წერს ჯენიფერ ჰათამი.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, ქართველ კულინარებს აქვთ სურვილი ხაჭაპურის „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად გამოაცხადონ.

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET ხაჭაპურის ყოველთვიურ ინდექსს ადგენს, ამ მიზნით აკვირდებიან იმერული ხაჭაპურის ინგრედიენტების ღირებულებას, რომელიც მოიცავს ფქვილს, ყველს, კარაქს, რძეს, კვერცხს და საფუარს.“- წერს ჯენიფერ ჰათამი და მკითხველს ხაჭაპურის მომზადების რეცეპტს სთავაზობს, აგრეთვე ადგილებს, თუ სად შეიძლება ღამის გათევა თბილისში.

ხაჭაპურთან ერთად National Geographic-ის სტატიაში აღწერილია სხვა ქართული კერძები: ფხალი, ხინკალი, საცივი და ლობიო.