რას ნიშნავს ვენახების კადასტრი და რა ცვლილება შედის “ღვინისა და ვაზის” შესახებ კანონპროექტში

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ,“ რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ წარადგინა.

კანონში ცვლილების შეტანის შედეგად სამართლებრივად დარეგულირდება საქართველოში ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების საკითხი.

ვენახების კადასტრის პროგრამა მიზნად ისახავს ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას, რომლის ძირითადი მიზანია ყურძნის და ყურძნისეული პროდუქტის მონიტორინგი და შემოწმება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვენახების კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს:

-მევენახეობა – მეღვინეობის სექტორში არსებული ყველა ერთეულის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, რეგისტრაციას და შენახვას.

-ვენახების ადგილმდებარეობის, მათი ფართობის, ჯიშური შემადგენლობის და სხვა ატრიბუტების შესახებ ზუსტი ინფორმაციის შეკრებას.

-ვენახების ვიზუალიზაციას GIS ტექნოლოგიის გამოყენებით.

-მევენახეობის ზონების ვენახების საწარმოო პოტენციალის ანალიზის შესაძლებლობას.

-მევენახეობის არსებული ზონების საზღვრების დაზუსტებას და ახალი ადგილწარმოშობის ზონების შექმნაში თანამონაწილეობას.

-წარმოებული ღვინის და სხვა ყურძნისეული პროდუქტის მიკვლევადობას.

-ყურძნის მოსავლისა და ღვინის პროდუქციის პროგნოზირებას.

-სტატისტიკური ანგარიშების შემუშავებას მევენახეობის რეესტრში შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე.

საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.

ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით ვენახებისა და მევენახეების შესახებ, რომელიც შეიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.

უწყების ცნობით, ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითარებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრია. საქართველოს ვენახების კადასტრის შექმნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული გამოცდილებისკენ.