პატარა მწერალი დიდი მომავლით, გაიცანით მარიამ კალმახელიძე თელავიდან

მარიამ კალმახელიძე, არის 17 წლის, სწავლობს თელავის მე-3 საჯარო სკოლაში. მარიამს არერთი ჩანახატი და მოთხრობა აქვს დაწერილი, თუმცა განსაკუთრებული მოწონება საზოგადოების მხრიდან მოიპოვა პატარა ნოველამ, რომელიც მარიამმა დაწერა

,,ხევისბერი გოჩას” მიხედვით.

სისხლის სუნი ტრიალებდა ჰაერში და ყველაფერს ედებოდა, ეხებოდა, როგორც ჰაერი ათრთოლებს ხოლმე ეულად მოქანავე ფოთოლს… ყველაფერს ენარცხებოდა და ეკვრებოდა, მთელი სიცხოველით მიედინებოდა ყველას ფილტვებში ჟანგბადს შერეული და ბრძოლაში დაღუპული ადამიანების სახეებს, თემის გონებაში ფენდა, დაატარებდა, ძარღვებს მოწოლილი ბრაზით და ტკივილით უვსებდა და აიძულებდა დაეტანჯათ ისინი ვინც ეს სუნი გაავრცელეს, ვინც ამ სისხლში გაისვარა ხელები.

დაჰყურებდა ხევი მოღალატეების ხელებს და ზედ ჩამოღვენთილ, შეუმშრალ წითელ სითხეს ხედავდა ზედ ამობეჭდილი სახელებით… იდგნენ გორაზე და ემზადებოდნენ ჩასაქოლად, განაჩენის გამოსატანად მათთვის, ვინც სხვისთვის დასტაცა ქვას ხელი, სხვისთვის დაწერა სიკვდილი ბედისწერაში… ონისე შემკრთალი შეჰყურებს მოღალატედ შერაცხულ გუგუას, სული ეწვება, სირცხვილი სახეს წითლად უშანთავს ,მისი გულიც იფერფლება, იგლიჯება ათას ნატეხად, ძარღვები ეკაწრება ნაწილების სიბასრით… მაინც იოკებს მოწოლილ ცრემლებს თავის შიგნით კეტავს საგულდაგულოდ, გადმოდინებას არ ანებებს, იცის თვითონ უნდა იდგეს ახლა გუგუას ადგილას, მისთვის უნდა გამოჰქონდეს ხევისბერ გოჩას, მშობელ მამას მისას, უმკაცრესი სასჯელი, მას უნდა ჰქონდეს ახლა ხელები მაგრად შეკრული და მას უნდა სტკიოდეს მაჯები თოკის კვალისგან… ის უნდა ამბობდეს აღიარებას, რომელიც მას მოსპობს, გაანადგურებს, ყველას თვალში დაასვავს დაღს, მწარედ დაშანთავს სინდისის ქენჯნა სამუდამოდ სიცოცხლის ბოლომდე, თუ არ მოკვდება თემის დაწესებული სიკვდილით. უყურებს გუგუას და ყელში ეჩხირება მოწოლილი სიტყვები, თვალებში ცრემლები ჩასდგომია და უმოწყალოდ ცდილობს მათ შეშრობას, შესისხლხორცებას. ფიქრობს წავიდე, ვუთხრა მამას ჩემი ცოდვები? ნუთუ შემინდობს შემიწყალებს როგორც მშობელი, თუ დამღუპავს, მომკლავს, დამსჯის როგორც ხევისბერი გოჩა? გამიგებს მამა როგორ ვიღვენთები ნელ-ნელა ჩვენს კერაზე შემომდგარი სანთელივით, თუ თითით ჩამაქრობს, ჩამწვავს როგორც პრინციპების მიმდევარი გოჩა? დაინახავს მამა ეკლებს ჩემს სხეულზე როგორც ჩვენს ბაღში ამოსულ ვარდს და მაინც მომივლის, ეკლებს მომაშორებს თუ მომგლეჯავს და გადამაგდებს, როგორც თემის იმედი გოჩა? შეიწყალე მამა ჩემი ცოდვები, ახლიდან გამზარდე, ხელახლა მასწავლე ვისი გორისა ვარ, მითხარი: „შვილო, იტანჯე რადგან კაცი ტანჯვისთვისაა გაჩენილი,“ მან უნდა იტანჯოს, უნდა იტანჯო, უნდა გტკიოდეს, რომ ადამიანი გერქვას შვილო. შეიწყალე ხევისბერო გოჩავ ჩემი ცოდვები, მომკვეთე ძირიანად ხევიდან, როგორც ჩვენს ეზოში ამოსული ხე,ა რ გამიკარო, არ შეირცხვინო თავი ჩემი ყურებით, ჩემი ხმის სმენით, ჩემი დარიგებით, დაე ვიყო მე შორს და შენ იყო ხევისბერი გოჩა და არა მამა ჩემი…

ორი ხმა იბრძოდა ონისეში, ერთმანეთს ეკვეთებოდა. ერთ მხარეს იყო გოჩა მამა და მშობელი მისი, მეორე მხარეს კი ხევისბერი, ტრადიციული, თავის ხალხის და პრინციპების ერთგული კაცი.

გადადგა ონისემ ნაბიჯი და ყელში მოწოლილ სიტყვებს სადინარი გაუხსნა, მისცა უფლება ედინათ მათ, ყველას გაეგოთ ხმა ონისესი, კაცის რომელსაც სირცხვილი ცრემლების სახით თვალებიდან სდიოდა, კაცის რომელსაც უნებურად გაევლო ხელები ადამიანების სისხლში, თავის ხალხის უცოდველ სისხლში. დაჰყურებდა ხელებს და მისი სიწითლე გულს უკლავდა. უკვე მკვდარი ვარ, ჩემი სული დღეს დავასაფლავე, არმინდა მის საფლავზე ყოველდღე ვიარო, და ისევ და ისევ ვიგლოვო, სულერთია მოკვდება ახლა ჩემი ხორცი თუ არა. ფიქრობს ონისე და აღიარებს ყველა თავის დანაშაულს.. ემზადება ყველა დარდისთვის რაც ახლა ელის.

გოჩა შეცბუნებული უყურებს თავის შვილს, ეშინია, ლოცულობს….

„ღმერთო არა თქვას ის რაც მაშინებს,“ მთლიანად არ ჩამომანგრიო, ნაწილებად არ დამშალო, შვილის ტკივილით არ ჩამიწვა გულში ათასი სანთელი… გვიანია, ონისეს სიტყვები ესმის და თავბრუ ესხმის, ჟღრიალებს გოჩას სულში ბოლო იმედიც და ხმა უწყდება მასაც… მკერდში ორად იპობა ყველაფრის გადამტანი ხევისბერის გული და ხელში ხანჯალი უელავს, წუთიც და ონისეს სისხლით ესვრება მამას ხელები… წუთიც და უგონოდ ეცემა მოფართხალე ონისე და გონებაში უელავს უცებ, „ხევისბერმა გოჩამ გადაფარა მამაჩემი.“ შემინდე მამა. დამნაშავე ვარ… და ბოლოჯერ ამოისუნთქავს სულის ჭირისუფალი, ცოდვილი ონისე. შვილის სისხლი….. უკანასკნელად მითხარი, რომ მაპატიე შვილო, ონისე და ღრიალებს გოჩა, როგორც დაჭრილი ლომი, ეცემა თავის შვილის გვამთან და ეკვრის მას, ეკვრის როგორც ეკვრებოდა ახალდაბადებულ, უცოდველ, წმინდა ონისეს.

წლები გადის მაგრამ მაინც ეკითხება ყველას, სად წავიდა ონისე, ვინ წაართვა, ვინ გამოგლიჯა მამას ხელებიდან. ვერავინ სცემს პასუხს, შეიშალა ამბობს ყველა და ოხვრით უვლის გვერდს მის პატარა სამყოფელს. შვილის სისხლი….უკანასკნელად მითხარი, რომ მაპატიე შვილო, ონისე…… და თოვლში იძირება გოჩას სხეული.