საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე შეხვდა სახელმწიფო რწმუნებულებს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სამუშაო შეხვედრის დროს, ნიკა ტყემალაძემ ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე. როგორც ნიკა ტყემალაძემ აღნიშნა, ქვეყნის ყველა რეგიონში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინაციით, მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი პროექტი.
„ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს მოქალაქეებზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს არაერთი პროექტი, ეს იქნება სოციალური, ინფრასტრუქტურული, კულტურული თუ საგანმანათლებლო მიმართულებით, რომელიც მოქალაქეებზეა მორგებული და გამომდინარეობს მათი საჭიროებებიდან. სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტის მერებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რაც მნიშვნელოვანია თითოეული პროექტის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში,“ – განაცხადა ნიკა ტყემალაძემ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რწმუნებულებმა, დეპარტამენტის უფროსთან ერთად განიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და საჭიროებების აღმოფხვრის გზები.
რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები სახელმწიფო რწმუნებულებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით კაჭარავა და დეპარტამენტის თანამშრომლები.