ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ცერემონიას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები მოქალაქეებთან ერთად დაესწრნენ.
მერიის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მუსიკალურმა ბენდმა „ოჩოს ქოხმა“ მიიღო.
საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დედოფლისწყაროშიც, სადაც გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები: სამეჯლისო ცეკვების სტუდია ,,ვარსკვლავები,“ ქართული ხალხური ცეკვების სტუდია ,,გიორგელები“ და საბავშვო სტუდია ,,ცეროდენა.“
მერიის ცნობით, დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოქალაქეებთან ერთად აანთო.
დედოფლისწყაროში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 30 დეკემბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება გაიმართება.