მუნიციპალიტეტებს DMO-ს შექმნისთვის სამართლებრივი საფუძველი შეექმნებათ

მუნიციპალიტეტებს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) შექმნისთვის სამართლებრივი საფუძველი შეექმნებათ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი.

კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა წარადგინა. აღნიშნული კანონპროექტით, ტურისტული დანიშნულების მართვის ორგანიზაციის დამფუძნებლები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტები და კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი ან/და არაკომერციული იურიდიული (ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული ასოციაცია) პირი ან/და ფიზიკური პირი.

„იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის შექმნის სამართლებრივი საფუძველი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეგვაქვს ცვლილებები,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ვასილ ჩიგოგიძე, გელა სამხარაული და ირაკლი კირცხალია.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.