გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, მოსავლის აღების შემდეგ მარცვლოვანი მცენარეების ნაწვნარჩენებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე დაწესდება ჯარიმა.
აღნიშნული პროექტი განსახილველად უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში.
„ბოლო დროს გახშირებულია შემთხვევები, როდესაც სასოფლოსამეურნეო სავარგულების მფლობელები, მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას დაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს ასევე გარემოს, არსებობს მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ძალიან დიდი ალბათობა, რამაც შესაძლებელია შეუქცევადი შედეგები გამოიღოს. მიზანშეწონილია ასეთი ქმედებისათვის არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე მკაცრი ადმინისტრაციული ჯარიმა.“- ვკითხულობთ აღნიშნული პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ოდენობით.
ცვლილების თანახმად, სამართალდამრღვევს 1 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის გადაწვის შემთხვევაში, დაეკისრება 1 ჰექტარი მიწის გადაწვისთვის ამ მუხლით დადგენილი ჯარიმა, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის გადაწვისთვის მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად.