მარიამ კალმახელიძე – გზა თელავიდან, თსუ – ს 100%-იან სახელმწიფო გრანტამდე.

მარიამ კალმახელიძე თელაველი ახალგაზრდაა, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) სასურველ პროფესიას – იურიდიულს, 100% – იანი სახელმწიფო დაფინანსებით ეუფლება.

მარიამი pr-mc.ge – უყვება თუ რა გახდა მისთვის მოტივაციის წყარო და თანატოლებს ურჩეს არასდროს დანებდნენ, რომ განათლებული ახალგაზრდა თაობაა სწორედ ქვეყნის მომავალი.

„მე მახსოვს პატარა მარიამი, თავის ასაკთან შედარებით თითქოს ნაადრევად დასევდიანებული და მოწყენილი.. ბავშვი, რომელიც რეალური ცხოვრების ქაოსისგან თავის დასაღწევად, ირიალურ სამყაროს აფარებდა თავს და წიგნებით ცდილობდა თავისი პატარა ნაჭუჭის შექმნას, სადაც ჩაიკეტებოდა. წიგნების სიყვარულმა სწავლაც შემაყვარა და არასდროს მგვრიდა დაღლას ჩემ საყვარელ საგნებზე მუშაობა.

ბავშვობაში ვამბობდი იურისტი ვიქნები მეთქი და ამ პროფესის სურვილი იმ დროიდან მოყოლებული არ შეცვლილა, როგორც ამბობენ ,,განათლება ამრავლებს განთავისუფლებულ სულებს” და ჩემი სულიც მუდამ თავისუფალი იყო.

თავისუფალი დრო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დროა და ხშირად ვცდილობ საკუთარ თავზე მუშაობას დავუთმო, სულიერად დავმშვიდდე და გავიზარდო, ამიტომ წიგნების კითხვა და მათთვის თავის შეფარება, ჩემი საყვარელი საქმიანობაა. ქსოვა და ქარგვა კი გონების მობილიზებასა და განვითარებაში მეხმარება, რადგან ვფიქრობ, რომ სწავლასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სულიერ სამყაროზე ზრუნვა და თვალსაწიერის გაფართოება სხვადასხვა საკითხებში. მუდმივად ახლის ძიება, მისი შეთვისება და შესისხლხორცება.

მოტივაციას ბევრი ადამიანი მაძლევს, მწერლების შემოქმედება, მათი შეხედულებები და პიროვნული ზრდა, გარშემო მყოფი ადამიანების სიძლიერე. თუმცა მოტივაციის მთავარი წყარო პაპაა, რომელიც ასევე იურისტი იყო და სულიერად ძალიან ვგავარ. მასაც ჩემსავით უყვარდა წერა, წიგნები, ბუნება, ლაფანყური და რაც მთავარია თავისი პროფესია. თითქოს ახლაც, როცა იმ აუდიტორიაში ვარ, სადაც პაპა იყო, იმ უნივერსიტეტში დავდივარ, სადაც ის დადიოდა, ძალიან დიდ სიახლოვეს ვგრძნობ, თითქოს ჩემთანაა და ვიცი ჩემით იამაყებდა და მეც მის გამო არ ვნებდები. ჰენრი ტორომ თქვა, რომ „უნდა იყო არა კარგი, არამედ – კარგი რაღაცისთვის.“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ყოველთვის მიზიდავდა თავისი კულტურით, სიწმინდით, სიძლიერით.. ჩემთვის ეს ადგილი ტაძარია.. ადგილი, სადაც ვგრძნობ, რომ ზუსტად აქ უნდა ვიყო და არა სხვაგან. ბევრ ალტერნატივაზე ვფიქრობდი, ბევრი უნივერსიტეტი განვიხილე, მაგრამ ბოლოს ისევ ჯავახიშვილზე შევაჩერე არჩევანი, რადგან იმ დროს, როცა ქვეყანაში სასტიკი მდგომარეობა იყო გამეფებული, პირველი ის აღმოცენდა, ნელ-ნელა დიდი, ბებერი ნატვრის ხესავით გაიტოტა და ამდენი სტუდენტის სურვილები და ოცნებები შეიბა ზედ. განათლება მაშინ გაავრცელა,როცა საქართველოს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.ზოგადად ძალიან სამართლიანი ვარ და ჩემთვის მიუღებელია, როცა რაიმე უსამართლობას ვხედავ. ვცდილობ ვებრძოლო, იმ ძალით, რაც მაქვს. სწორედ ამიტომ ავარჩიე იურიდიული ფაკულტეტი, რათა დავიცვა დაჩაგრულები, რომლებიც ამ საშინელების მსხვერპლნი არიან და მინდა გავხდე მათთვის დასაყრდენი, რომელიც არასდროს დააღალატებთ.

არ ვიტყვი,რომ ჩემი გზა წარმატებამდე იოლი იყო. ჯერ კიდევ გზის შუაში ვარ და ვცდილობ კიდევ ბევრს მივაღწიო. აქამდე განვლილი დრო უამრავ შრომასთან ასოცირდება, მაგრამ როცა ჩემი მეცადინეობის დღეები მახსენდება, ისინი სიხარულს და ღიმილს იწვევს ჩემში, რადგან ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. განსაკუთრებით მაშინ ხარ ამაყი, როცა პირველ რიგში შენი თავის იმედებს ამართლებ, როცა შენი შრომის ნაყოფს ხედავ.

საუკეთესო შეგრძნებაა, როცა მხოლოდ და მხოლოდ შენი თავის იმედი გაქვს, შენი შრომის და გონების, არავის ეყრდნობი, რადგან იცი,რომ ეს გზა მარტომ უნდა გაიარო. ზოგადად რთულია, თითქოს ბავშვობიდან გამოდიხარ და პირველ ნაბიჯებს დგამ,თითქოს სიარულს თავიდან სწავლობ, ყველას გარეშე, მარტო დგახარ გზის გასაყარზე. ეს ჩემთვის ახალი დასაწყისი იყო, სულ სხვა ეტაპი და ცხოვრების ახალი გეზი, როცა ამას შენი შესაძლებლობებით აღწევ მით უფრო თავდაჯერებული ხდები და ამ გრძნობის აღწერა, ძალიან რთულია.

მართალია, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე მინდოდა ადვოკატი გავმხდარიყავი, მაგრამ ჩაბარების შემდეგ მოსამართლის პროფესიამ გამიტაცა. გამახსენდა კიდეც დავალებაში დავწერე, როგორი მინდოდა ვყოფილიყავი. მოსამართლეს ევალება იყოს ობიექტური და გადაწყვეტილება ყოველთვის შინაგანი მორალურობიდან გამომდინარე მიიღოს, მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული და არასწორია იფიქრო, რომ მისი მოვალეობა მხოლოდ განაჩენის გამოცხადებაა. ადამიანის ბედი მის ხელებშია და მომავალში ჩემ თავს ამ პროფესიაში ვხედავ.

ჩემს თანატოლებს ვეტყოდი, რომ ჩვენ ვართ მომავალი. ჩვენ უნდა შევქმნათ ადგილი, სადაც განვვითარდებით, როგორც პროფესიულად, ისე შინაგანად, სულიერად. თუ ჩვენ არ ვეცადეთ, ის დაინგრევა, რასაც ამდენხანს აშენებდნენ ტკივილით ჩვენი წინაპრები. არასდროს უნდა დავნებდეთ, ,,სწავლის ძირი მწარე არის,კენწეროში გატკბილდების.” ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასავლელი მაგრამ დამიჯერეთ სწავლით მიღებული შედეგი ყველაზე ტკბილია და არასდროს იქნებით ისეთი ბედნიერი, როგორიც შედეგის ნახვისას.

განაგრძეთ წინსვლა და წარმატებებს გისურვებთ!“ – ამბობს მარიამ კამახელიძე pr-mc-ge-სთან გაკეთებულ ინტერვიუში.