ლუიზიანას მუზეუმში ფიროსმანის მასშტაბური გამოფენა იხსნება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ლუიზიანას მუზეუმში ფიროსმანის მასშტაბური გამოფენა იხსნება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობითა და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით, 4 მაისს, დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა იხსნება. დამთვალიერებელი 20 აგვისტომდე ფიროსმანის 48 ნამუშევარს ნახავს, რომელთაგან 47 ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს ეკუთვნის, ხოლო ერთი ნახატი შერჩეულია მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმიდან. დანიის შემდეგ, 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე, გამოფენას შვეიცარია, კერძოდ, ბეილერის ფონდი უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთერთ პრესტიჟულ მუზეუმში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი. ევროპაში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენების მოწყობის იდეა 2022 წელს ინფინიტ არტის ხელმძღვანელის საქართველოში სტუმრობისა და კულტურის მინისტრთან მისი შეხვედრისას იქნა განხილული. გასული წლის ივნისში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკა ახალბედაშვილის ბაზელში ვიზიტისას გაიმართა მოლაპარაკებები ბეილერის ფონდის ხელმძღვანელთან, სამუელ კელერთან, და გადაწყდა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე ფიროსმანის ნამუშევრები ბეილერის ფონდში გამოიფინებოდა. შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში, დანიაში ნიკა ახალბედაშვილი შეხვდა ლუიზიანას მუზეუმის დირექტორ პოლ ერიკ ტოინერს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, ბეილერის ფონდში გამოფენამდე, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებდა.

უცხოელი დამთვალიერებლისთვის ნიკო ფიროსმანის შემოქმედების სათანადოდ გაცნობის მიზნით რამდენიმეთვიანი კომპლექსური მოსამზადებელი პროცესი წარიმართა უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით.

მიმდინარე წლის მარტში ბეილერის ფონდის სარესტავრაციო განყოფილების ხელმძღვანელმა მარკუს გროსმა ქართველ რესტავრატორებთანნანა მანაგაძესა და ნელი სოსანიძესთან ერთად დეტალურად შეამოწმა საქართველოს მუზეუმებში დაცული ფიროსმანის თითოეული ნახატი, შეაფასა მათი ამჟამინდელი მდგომარეობა და კოპენჰაგენში ტრანსპორტირებისთვის მოამზადა 48 ნახატი. გამოფენის გახსნამდე, უცხოელებისთვის მხატვრის შემოქმედების გაცნობის მიზნით, ლუიზიანას მუზეუმმა სპეციალური მარკეტინგული კამპანია დაიწყო: ხუთი ნამუშევრის მონაწილეობით შეიქმნა ფილმი ფიროსმანის შესახებ, რამდენიმე კვირით ადრე, კოპენჰაგენის ქუჩებში გამოჩნდა სარეკლამო პლაკატები, ლუიზიანას მუზეუმის კლუბის 60 000 წევრისათვის მომზადდა პუბლიკაცია და დაიბეჭდა კატალოგი შესაბამისი ტირაჟით.

 აღსანიშნავია, რომ საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად შეიფუთა, უვნებლად გაიგზავნა კოპენჰაგენში და ლუიზიანას მუზეუმში დაბინავდა. ექსპონატები საქართველოდან დანიაში უსაფრთხოდ ჩაიტანა სატრანსპორტო კომპანია Kunsttrans-მა. ტრანსპორტირების პროცესში მონაწილეობდნენ: ბეილერის ფონდის წარმომადგენელი ირაკლი ფურცხვანიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ჭუმბაძე, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის უფროსი რესტავრატორი ნანა მანაგაძე და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ქართული ფერწერისა და გრაფიკის ფონდების კურატორი ხათუნა კიკვაძე.

 საგულისხმოა, რომ ასეთი თანამშრომლობა არა მხოლოდ დიდი ქართველი ხელოვანის შემოქმედების ევროპაში წარმოჩენას, არამედ მისი ნამუშევრების კვლევასა და პრევენციულ კონსერვაციას, ქართული სამუზეუმო საქმიანობის განვითარებას, თანამშრომელთა ტრენინგებსა და მათთვის უცხოელ სპეციალისტთა გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. კონსერვაციარესტავრაციისთვის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება ეროვნული მუზეუმის ფონდებში ფიროსმანისა და სხვა დიდი ქართველი მხატვრების შემოქმედების სათანადოდ დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია.

 მუზეუმებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც, ფიროსმანის გამოფენის საორგანიზაციო საკითხების გარდა, ითვალისწინებს ქართული მხარის საჭიროებებს. ბეილერის ფონდის ინიციატივით შეიქმნება ინტერაქციული მრავალენოვანი ვებგვერდი, რომელიც მიეძღვნება ფიროსმანსა და მის შემოქმედებას და საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცემა.

 ინფორმაციისთვის: ლუიზიანას მუზეუმი ევროპაში ერთერთი ყველაზე პრესტიჟული საგამოფენო სივრცეა, რომელსაც დიდი და მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს. აქ თავმოყრილია ხელოვნების არაერთი ცნობილი და ძვირფასი ნიმუში. ლუიზიანას მუზეუმის კოლექცია 4000-მდე ექსპონატს ითვლის და, 1945 წლიდან მოყოლებული, ამ პერიოდის თითქმის ყველა ჟანრის მხატვრობისა და ქანდაკების ნიმუშებს აერთიანებს. მუზეუმში დაცულია მარიო მერსის, სოლ ლევიტის, გერჰარდ რიხტერის, როი ლიხტენშტაინის, ენდი უორჰოლის, რობერტ რაუსჩენბერგის, ალბერტო ჯაკომეტისა და სხვათა ნამუშევრები.

 ლუიზიანას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის მასშტაბური გამოფენის გახსნის ღონისძიება 4 მაისს იმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, ინფინიტარტის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან. – ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.