კახეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, იხსნება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 45-ე სალოტბარო სკოლა.
“ლაფანყურში ცხოვრობენ ერთი საუკუნის წინ ჩამოსახლებული ფშაველები და ხევსურები. მათ შეინახეს წინაპართა ძირძველი ტრადიციებიც და ამის პარალელურად შეეწყვნენ კახეთის ყოფასა და ტრადიციებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მათთვის ხელშეწყობა, ამ ტრადიციების შენახვასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის საქმეში. სალოტბარო სკოლის გახსნის აუცილებლობა გამოიწვა აღნიშნულმა გარემოებამ. ასევე, აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში აქტიურ მიგრაციას განიცდის, რაც ადგილზე ტრადიციის თანდათან გაქრობა-გადაშენების საფრთხეს ქმნის. სალოტბარო სკოლის გახსნის შესაძლებლობა, ზემოთქმულ ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად განაპირობა სოფლის საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, გიორგი ბაზერაშვილის მისვლამ. გიორგი გაეცნო ბავშვების მისწრაფებებს, უნარებსა, თუ შესაძლებლობებს და ისე შეაყვარა მათ სიმღერა-გალობა, რომ სკოლაში გამორჩეული ბავშვებისგან ანსამბლიც კი შედგა.
პირველი სალოტბარო სკოლა გაიხსნა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ, 2015 წელს. 10 წლის მანძილზე ფოლკლორის ცენტრმა, საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა და დღეს უკვე 2000-მდე მოსწავლე, სრულიად უსასყიდლოდ ეუფლება ქართულ მრავალხმიანობას, ტრადიციულ გალობასა და ქორეოგრაფიას. 2025 წლიდან სალოტბარო სკოლებში ქართული ზეპირსიტყვიერების სწავლებაც დაიწყო,” – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.