ლაგოდეხში გარემოსდაცვით საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

დღეს, ლაგოდეხში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაიმართა გარემოსდაცვითი კონფერენცია, რომელსაც 80 ადგილობრივი ახალგაზრდა დაესწრო და რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ახალგაზრდებში გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, ასევე ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებში მათი აქტიური ჩართულობა.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს – კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, კარლო ჯამბურიამ, ხოლო კონფერენციის მომხსენებელი და წამყვანი იყო გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი -კონსტანტინე ხაჭაპურიძე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.