კახეთში, სოფელ ველისციხეში ურბანული განახლების პროექტი ხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში რამედნიმე ათეული სახლის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნის, ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციასა და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობას.
ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის ისტორიული თეატრის ფასადსა და პირველ სართულს.
მიმდინარე ურბანულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის თქმით, ველისციხის ურბანული განახლება სწარაფდ და ხარისხიანად დასრულდება.
,,ველისციხეში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ურბანული განახლების პროექტი, რომლის ღირებულებაც 30 მილიონი ლარია. სამწუხაროდ, პროექტი გაჭიანურდა, კონტრაქტორი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. უახლოეს პერიოდში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ პროექტის მალე და ხარისხიანად დასასრულებლად. მიმდინარეობს ასევე, წყლის პრობლემის მოგვარება, რაც დამატებით დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. ბოდიშს ვუხდი ადგილობრივებს შექმნილი ვითარებისთვის. ამ პროექტების დასრულების შემდეგ მივიღებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს ქვეყანაში,“ – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ველისციხეში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ.