კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის, სუბსიდიის სახით, ფინანსდება ენერგოეფექტური ღუმელების ღირებულების 30%, არაუმეტეს 300 ლარისა. ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ხორცილდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა -ECO.Georgia“-ს ფარგლებში.
უწყების ცნობით, პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის – „ECO.Georgia“ დირექტორი ლუტც იარჩინსკი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე ესწრებოდნენ.
პროგრამის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 5 მწარმოებლის 11 ენერგოეფექტური ღუმელი. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დაცვისა და სოფლიის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.