საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს კახეთის რეგიონში. სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში.
დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში იმყოფებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ გზის რეაბილიტაციის პროცესს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ წინანდალში, 23-ე ქუჩის ნაწილსა და 34-ე ქუჩაზე 832 მ სიგრძის გზაზე იგება ასფალტის ორფენიანი საფარი. ქუჩების სრულ სიგრძეზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა, შეიცვალა წყლის მილსადენებიც.
პროექტის ჯამური ღირებულება, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.