კახეთის რეგიონში არსებული წყლის რესურსების სწორად და ეფექტურად მართვაზე იმსჯელეს.

დღეს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები.
ყურადღება გამახვილდა სამელიორაციო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობაზე.
საუბარი შეეხო კომპანიასა და ფერმერებს შორის წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობას.
„სარწყავი წყლით დადგენილი წესით სარგებლობისთვის, აუცილებელია ფერმერებსა და საქართველოს მელიორაციას შორის წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმება, რათა წყლის არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება, სწორად მართვა და განაწილება იყოს შესაძლებელი,“ – აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში კახეთში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია დამატებით 20 140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა შეადგენს 8725 ჰექტარს.