კახეთის რეგიონული ტექნოპარკების ინიციატივით, 5 დღიანი ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართება სტუდენტებისათვის. დღეს, იყალთოში ჩატარდა აღნიშნილი ბანაკის გახსნის ღონისძიება. პროექტის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები, ვორქშოპები, გუნდური სამუშაოები.
სტუდენტები გაეცნობიან ინოვაციურ და ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და კახეთის წამყვანი დარგების ტექნოლოგიური/ინოვაციური განვითარების პოტენციალს, მონაწილეები მოისმენენ რეალური სტარტაპების წარმატების გზას.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბანაკის მიზანია კახეთის რეგიონის მასშტაბით წარმატებული სტუდენტების სტარტაპ საქმიანობით დაინტერესება, სტუდენტებს შორის მყარი სამომავლო კავშირების გაჩენა და მათთვის GITA-ს არსებული პროგრამების, მათ შორის კახეთის რეგიონალური ტექნოპარკების ბენეფიტებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა.
სტუდენტური ბანაკის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ხოლო მხარდამჭერები: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ახმეტის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტები.