კახეთის მუნიციპალიტეტებს გსმ პირებისთვის ადაპტირებული სამგზავრო ავტობუსები გადაეცა

დღეს, თელავში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძება გაიმართა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა. პროექტის ფარგლებში „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა განხორციელდა, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.

პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონს 31 ერთეული ახალი, სამგზავრო ავტობუსი გადაეცა, რომლებიც მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება. ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

ფოტო: pr-mc.ge
ფოტო: pr-mc.ge

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით, კახეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. ასევე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება.

 „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა რეგიონს, მათ შორის კახეთს გადაეცა საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი. აღნიშნული პროგრამა გათვალისწინებულია კახეთის რვავე მუნიციპალიტეტზე და მოემსახურება როგორც შიდა, ასევე საქალაქთაშორისო მიმართულებას. აღსანიშნავია, რომ ყველა მუნიციპალიტეტს გააჩნია ავტოპარკი, დღეს ვიმყოფებით თელავის მუნიციპალიტეტის ავტოპარკში. ყველა მუნიციპალიტეტმა იზრუნა იმისთვის, რომ შეექმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული მომსახურებისთვის“, – აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ანდრიაშვილის თქმით, მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია ჰქონდეთ შეუფერხებლად გადაადგილების შესაძლებლობა როგორც სოფელში, ასევე ქალაქში.

„მოგეხსენებათ, რომ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი უკვე ფუნქციონირებს. ამჟამად ჩვენ გვყვავს ათი ერთეული ავტობუსი, რასაც დღეს კიდევ ორი ერთეული სრულიად ახალი ტრანსპორტი შეემატა, რომელიც თავის მხრივ არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რომ ეს ორი ახალი ტრანსპორტი განსაზღვრული იქნება არა მარტო ქალაქისთვის, არამედ სოფლებისთვისაც. ჩვენ მთლიანად ავითვისებთ მუნიციპალიტეტის შიდა გზებს ასევე, თელავი-აკურის თელავი-იყალთოს, ნაფარეულის ზონებს. უახლოეს პერიოდში ტრანსპორტი შევა ექსპლუატაციაში და მოემსახურება მოქალაქეებს. რათქმაუნდა ეს არის ძალიან საჭირო, რადგან შიდა გადაადგილება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და ვფიქრობ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ამასთან, თელავის მუნიციპალიტეტს ყავს თავისი სატრანსპორტო სამსახური, რომელიც დაკომპლექტებული და აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. უახლოეს პერიოდში ეს ავტობუსები მოემსახურებიან როგორც სოფელში, ასევე  ქალაქში მცხოვრებ  მოსახლეობას“, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

აღნიშნულ ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული და დავით მათიკაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.