ისტორიაში პირველად! თელავი ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქია.

თელავის სპორტის სასახლეში, 19 წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.
ლევან ანდრიაშვილმა ისაუბრა ჩემპიონატის თელავში ჩატარების მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვა მონაწილეებს.
“თელავისთვის დღეს ისტორიული დღეა, სპორტული ცხოვრებითა და მიღწევებით მდიდარი. მუნიციპალიტეტის კალენდარზე დღეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი მოინიშნება. მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ხელბურთის ფედერაციას, თითოეულ ორგანიზატორს.
ჩვენი ქალაქი ისტორიაში პირველად ხელბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს 19 წლამდელ ხელბურთელ გოგონათა გუნდს და ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქვეყნის ნაკრებს.
დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატის ყოველი დღე გამორჩეული და მიღწევებით სავსე იქნება. ვიმედოვნებ, რომ თელავის მუნიციპალიტეტი ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს ევროპის ჩემპიონატს, მასში მონაწილე სპორტსმენებსა და ერთკვირიანი სპორტული მოვლენის თითოეულ სტუმარს,”– განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 19 წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი თელავში გაგრძელდება 20 ივლისამდე და მასში საქართველოსთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს 9 ქვეყნის ეროვნული ნაკრები.
გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები – “ჩაკრულო” და “შემოძახილი,” ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ქორეოგრაფიულ ანსამბლი – “მართვე.”
ევროპის ჩემპიონატის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი, ევროპის ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენელი ლეონელ მალოცი, თელავის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.