„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული შეხვედრები ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივთან კახეთით დაასრულა.
„დღეს დავასრულე გაცხადებული რეგიონული ტურნე. დღეს იყო მე-10 შეხვედრა და თელავში შევხვდი ჩვენი პარტიის აქტივს, კახეთის რეგიონის. ბუნებრივია, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. მთავარი საკითხი იყო არჩევნები, რომ პარტია უნდა მოემზადოს და ემზადება ამ არჩევნებისთვის იმისთვის, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვოს. მე, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის აქტივს გავუზიარე მთელი რიგი ინფორმაცია და ჩვენი ანალიზი მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ზოგადად ქვეყანაში და არა მარტო ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, თუ რა არჩევანის წინაშე დადგება ჩვენი ხალხი ამ არჩევნებზე. არჩევანი იქნება ძალიან მარტივი. არჩევანი იქნება მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას და მეორეს მხრივ, არეულობას, ქაოსსა და ომს შორის. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ვინაიდან, მეორე მხარეს ჩვენ ვუყურებთ, რომ არ არსებობს სხვა ეროვნული, პატრიოტული პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს, გარანტირებულად გააგრძელებს ამ მშვიდობიან სტაბილურ განვითარებას და მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი დეგრადირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და მთელი ეს ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას ანგრევდნენ, მოუტანეს უზარმაზარი ზიანი, ისევ სთავაზობენ ჩვენს ქვეყანას არასტაბილურობას, ომს, არეულობას და ქაოსს. ამ არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ხალხი. მთელი თავისი გამოწვევებით, ამ შიდა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს უცხოეთში არსებული ვითარება, რეგიონში არსებული სიტუაცია, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება. დღეს კიდევ ერთხელ შევეხეთ უკრაინის ომს. ეს ომი არ ჩერდება. ვხედავთ რიტორიკას ბირთვული ომის, მესამე მსოფლიო ომის ალბათობის შესახებ და ჩვენ ეს მოვისმინეთ პირდაპირ დაპირისპირებული ძალების ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან, ვგულისხმობ რუსეთს, დასავლეთს, ნატო–ს სახელმწიფოებს. ამიტომ, ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად გარემოში ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე და არ უნდა დავუშვათ რაიმე არაპროგნოზირებადი განვითარება ქვეყნის შიგნით. ამიტომაც გავიმეორებ, რომ ჩვენი პარტია ემზადება ამ არჩევნებში უკვე მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
აღნიშნული შეხვედრები რეგიონებში დაიწყო 2 მარტს და ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდა. რეგიონული ტურნე კახეთით დასრულდა.