ირაკლი კობახიძე ბუდაბეშტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

“ჩვენ ვართ ევროპული ერი, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა – ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტსა და დემოკრატიაზე,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განაცხადა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და აღნიშნა, რომ 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმპერიების გზაჯვარედინზე მდგარი საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მრავალ ომსა და ოკუპაციას გაუძლო, თუმცა მაინც გაუტეხელი დარჩა.
„ქართველებად დავრჩით! გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას – ის კარგავს საკუთარ თავს. დღეს დასავლეთი დგას გზაჯვარედინზე, არამხოლოდ პოლიტიკური დასავლეთი, არამედ ცივილიზაციური დასავლეთიც – დასავლეთი, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ და დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ აქ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება – ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი – ჭეშმარიტი დასავლეთის. თავისუფლების, რწმენისა და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის; და არა იმ Deep State-ის, რომელიც ცდილობს, მსოფლიო არაფრად აქციოს და თავი ყველაფრის მმართველად ჩათვალოს. ჭეშმარიტი, ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი – ჩვენი დასავლეთი – ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი და ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელ ევროპაში და მის მიღმაც; ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია. იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული. ჩვენ გვწამს ერებისგან შემდგარი ევროპის, თავისი ძლიერი იდენტობით და ჩვენ სიამაყით ვდგავართ მათ გვერდით – უნგრეთში და მის მიღმაც – ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა. ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს. ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ლიბერალურ ფაშიზმზე და აღნიშნა, რომ ეს შემაშფოთებელი მოვლენაა, რომელიც ანადგურებს ერის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი განვითარება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და განაცხადა, რომ საქართველოს კარგად ესმის ომის ფასი და, შესაბამისად, იცის მშვიდობის ფასიც.
„სწორედ ამიტომ 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში. უკრაინის ომის დაწყებიდან ჩვენ გავუძელით უზარმაზარ ზეწოლას როგორც გარედან, ისე შიგნიდან, იმ ძალებისგან, ვისაც სურს, საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ! მშვიდობის გზა – ომის ნაცვლად; სტაბილურობა – ქაოსის ნაცვლად. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგება,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და არასამთავრობოების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და უსამართლო ზომებზე, რომლებიც ამ ყველაფერს მოჰყვა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, მსგავსი ქმედებები კოორდინირებულია ერთი ცენტრიდან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება – გლობალური ომის პარტიას, ხოლო შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია Deep State-ს უწოდებს.
ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს Deep State-ს, რაც შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიდეომიმართვას მოუსმინეს.
კონფერენციის სტუმრებს მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც ეროვნული იდენტობა და ტრადიციული ღირებულებები დგას და ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ამ ფასეულობების დასაცავად.
„საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე. ის ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდის მომტანია ქვეყანაში. საქართველოს 20% წაღებულია რუსული დათვის მიერ, მაგრამ მან ბრიუსელს თავი არ დაუხარა, გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და ძლიერი, წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში,” – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
კონფერენციის გახსნით სესიაზე, რომელსაც უნგრეთი მეოთხედ მასპინძლობს, ასევე სიტყვით გამოვიდნენ ფუნდამენტური უფლებების ცენტრის გენერალური დირექტორი მიკლოშ სანტო და CPAC-ის ფონდის პრეზიდენტი მეტ შლაპი.
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის გახსნას პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად დაესწრო, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.