საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ადგილზე გაეცნო სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის საკათედრო ტაძრის აღდგენის სამუშაოებს.
მთავრობის მეთაურს, სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.
ალავერდის ეპარქიისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შეთანხმებით, ამ ეტაპზე ტაძრის გუმბათის ირგვლივ მიმდინარეობს ხარაჩოს აგება, რის შემდეგაც სპეციალისტები დაიწყებენ გუმბათის რესტავრაციას.
სტიქიით გამოწვეული ზიანის შეფასება მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფის მიერ.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია ისიც, რომ ალავერდის საკათედრო ტაძარი საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა.