თელავში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან გავიდა 36 წელი.
ამ დღესთან დაკავშირებით თელავში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
„1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლისთავზე შევიკრიბეთ მემორიალთან და პატივს მივაგებთ 9 აპრილის ღამეს ტრაგიკულად გარდაცვლილი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას. 9 აპრილის მოვლენების მონაწილე თითოეული ადამიანი ერთი დიადი მიზნის გარშემო გაერთიანდა, რასაც სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავგანწირვა ჰქვია. 9 აპრილს სამწუხაროდ, უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია, ამ დღეს ჰყავს თავისი გმირები, რომლებმაც საკუთარი თავგანწირვის ფასად სამშობლოს თავისუფლება მოუტანეს. 9 აპრილის მონაწილეებს თავიანთი განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, მათი სახელები და გმირული თავგანწირვა თაობებს სამუდამოდ ემახსოვრება,” – განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.
„დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილს, სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნსას. 9 აპრილი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებული გამარეჯვების დღე. 9 აპრილი არის გმირობის, ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, პატრიოტიზმის მაგალითი, რომლითაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. მადლობა გმირებს თავისუფლებისთვის! მათი სახელები ჩვენთვის მუდამ დარჩება სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის მაგალითად,” –  აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.
9 აპრილის მემორიალთან აგრეთვე შეიკრიბნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა, სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მისაგებად, მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეების წინაშე წარსდგა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ანსამბლი.