თელავში ყოველწლიური რეგიონული ფესტივალი „ჭაჭა“ 2024 მიმდინარეობს

თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე მიმდინარეობს ყოველწლიური რეგიონული ფესტივალი, „ჭაჭა“ 2024.
ფესტივალი გაიხსნა მუსიკალურ – თეატრალიზებული მსვლელობით, ასევე გაიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტის“ მიერ საქართველოს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია.
ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებიან: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი, ირაკლი შიოშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი. ღონისძიების წამყვანია საქართველოს სახალხო არტისტი, თელავის თეტარის მსახიობი ვანო იანტბელიძე.
აღსანიშნავია, რომ „ჭაჭა” ერთადერთი რეგიონული ფესტივალია, სადაც ერთობლივად მონაწილეობს კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი. ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილია გასტრონომიული და კულტურული სივრცეები.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურის პალატა; ტურიზმის განვითარების ასოციაცია; კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თელავის მუნიციპალიტეტის მერია.