თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე, ყოველწლიური, რეგიონული ფესტივალი „ჭაჭა 2025″ გაიმართა.
ფესტივალი მუსიკალურ – თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა.
„ჭაჭა” ერთადერთი რეგიონული ფესტივალია, სადაც რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი ერთობლივად მონაწილეობს. ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი – თემატური, გასტრონომიული და კულტურული სივრცეები დახვდათ.
გაიმართა მცირე მარნების, ფერმერებისა და გლეხების, ასევე, ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ საქართველოს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია.
გამოვლინდნენ ყველაზე კრეატიული მუნიციპალიტეტები – თელავი და ყვარელი, ასევე, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მედლების მფლობელი ჭაჭის მწარმოებლები.
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ, თიკა ნებიერიძემ, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა დააჯილდოვეს.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე და მამუკა ბურდიაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან და ფესტივალის სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორები არიან:
– საქართველოს კულტურის პალატა;
– ტურიზმის განვითარების ასოციაცია;
– კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
-კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან:
– საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო;
– საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“;
– საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.