თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში, უნგრეთის პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებზე და იმ ქრისტიანულ ტრადიციებზე, რაც ამ ორ ქვეყანას აერთიანებს. უნგრეთის პრეზიდენტმა ასევე, მხარი დაუჭირა თბილისის ევროპულ მისწრაფებებს.

როგორც საქართველოს მთავრობა განმარტავს, უნგრეთის პრემიერი აფასებს იმ ბრძოლას, რომელსაც რამდენიმე ასეული წელია საქართველო ატარებს ქრისტიანული სახელმწიფოს შესანარჩუნებლად.

„საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ კანდიდატის სტატუსს. ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია არის მაღალი და მე მწამს, რომ ევროკავშირის ინტერესშია, დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს საქართველოს მეშვეობით.

ძალიან გულდაწყვეტილები და გაბრაზებულები ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით. რაც მოხდა თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, არის საკმაოდ უსამართლო. ეს უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე“, — განაცხადა ორბანმა.

ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბოლო 30 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა მსგავსი  გარემო და ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას.

„ჩვენ ჩავატარეთ ორი მთავრობის შეხვედრა, რომელთაც გააჩნიათ ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის ჯობია ომს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამშვიდობო შეთანხმებით. ეს არის უმთავრესი განვითარებისთვის. მსოფლიო ჯერ შორს არის ამისგან. ქართველები და უნგრელები ერთმანეთს ვგავართ“, — განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს, კახეთში, ერეკლე მეორის სასახლეში უმასპინძლა.