დღეს, თელავში ანიმაციური ფილმების ფესტივალი “ექო–თოფუზი 2024” გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში, თელავის ელენე ახვლედიანის სახელობისა და ნაფარეულის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ანიმაციების ჩვენება გაიმართა.
ანიმაციური ფილმების ჩვენებას ესწრებოდა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ქალბატონი ფიქრია ყუშიტაშვილი, რომელმაც თანამედროვე საზოგადოებაში ანიმაციის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
„ანიმაცია, არის უნიკალური შესაძლებლობების ხელოვნება, რადგან ის ხელოვნების არაერთ დარგს აერთიანებს. „ექო-თოფუზთან“ ჩვენ უკვე წლები გვაკავშირებს. ჩვენი სამხატვრო სკოლის ბავშვები აქტიურად არიან ხოლმე პროექტებში ჩართული. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს გაცვლითი პროექტების გამოცდოლებაც სხვადსხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ასევე ფუნქციონირებს ანიმაციური ჯგუფები.
ანიმაციის ხელოვნება აფართოვებს თვალსაწიერს, კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის ბავშვის ფანტაზიას, მის გამომგონებლობას, განსაკუთრებით თუ ბავშვს აქვს სამხატვრო ნიჭი და უნარები ეს კონკრეტულ ყალიბში გამოიხატება იმიტომ, რომ ეს არის მის მიერ შექმნილი სიუჟეტი, რომლის ილუსტრაციებსაც ქმნის და როგორც დრამატურგიულ ნაწარმოებს ისე ამუშავებს, ხოლო შემდეგ ხდება მისი ამოძრავება, გაცოცხლება, სულის შთაბერვა. უნდა აღინიშნოს, რომ თელავში, ბავშვებს ეს მიმდინარეობა ძალიან მოსწონთ და უყვართ.
იმედი მაქვს, რომ ანიმაციური ფილმების ხელოვნება თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლაში კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრებს თავს, რადგან ის მკაფიოდ წარმოაჩენს ახალგაზრდების ნიჭიერებას, შესაძლებლობებს და თვალსაწიერს“, – განაცხადა ფიქრია ყუშიტაშვილმა.
ანიმაციური ფილმების ფესტივალი ხვალ სოფელ ყარაჯალის საბავშვო ბაღში 12:00 საათზე, ხოლო 14:00 საათზე, კისისხევის კულტურის სახლში ჩატარდება.