თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლიმატის კანონის შემუშავების მიზნით შექმნილ მწვანე წიგნთან დაკავშირებით პირველი საჯარო კონსულტაცია გაიმართა.
მწვანე წიგნი წარმოადგენს პოლიტიკის დოკუმენტს, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია კლიმატის მიმართულებით არსებული სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის, გამოწვევების, ვალდებულებებისა და მოსალოდნელი შედეგების თაობაზე.
კომიტეტმა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდისა (WFD) და გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წელს კლიმატის კანონის შემუშავების მიზნით პროექტი დაიწყო. სწორედ ამ პროცესის ფარგლებში შემუშავდა მწვანე წიგნი, რომლის მიზანია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით გამოკვეთოს საკითხები, რაც შემდეგ თეთრ წიგნში აისახება.
„საჯარო დისკუსია არის იმ პროცესის ნაწილი, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ, რომ შევიმუშაოთ ახალი კანონი კლიმატის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, როგორც საკანონმდებლო აქტების, ასევე შესასრულებელი გეგმების სახით, მაინც არ გვაქვს ერთი უნიფიცირებული კანონი, რომელიც ყველა ვალდებულებას, რომელიც საქართველოს ნაკისრი აქვს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ერთ აქტში გააერთიანებს. კანონის მთავარი მიზანია, რომ ზუსტად გაიწეროს უფლება–მოვალეობები, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ სავალდებულოდ შესასრულებელია საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის და დეკარბონიზაციის კუთხით.“ – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
საჯარო კონსულტაცია ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.