7 ივნისს, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა, ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მონაწილეობით, შალვა დავითაშვილის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა.
7, 8, 9 ივნისს, გაიმართება საკონკურსო მოსმენები, ხოლო 10 ივნისს 15:00 საათზე, ფესტივალი გამარჯვებულთა გალა კონცერტით დასრულდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, შალვა დავითაშვილი თელაველთა საყვარელი კომპოზიტორია და არა მხოლოდ მათთვის. ქართულ საკომპოზიტორო ხელოვნებაში მას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის.
„შალვა დავითაშვილი წარმოშობით იყო თელაველი, ჩვენი თანაქალაქელი, პირველსკოლელი. მისი სახელობის ფესტივალი 2016 წელს დაფუძნდა და ჩვენ გავხსენით შალვა დავითაშვილის მემორიალური დაფა. ეს ყველაფერი თავდაპირველად მუნიციპალიტეტის მასშტაბით იყო შემოფარგლული, დროთა განმავლობაში ძალიან კარგი სტარტი აიღო და გახდა სამხარეო, შემდეგ საქართველო მოიცვა და ბოლოს, საერთაშორისო სტატუსიც მოიპოვა, რადგან ნორჩი მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნებიდან მონაწილეობდნენ.
ფესტივალი წელს უკვე მეცხრედ იმართება და ყავს ძალიან კომპეტენტური ჟიური, ცნობადი სახეებისგან დაკომპლექტებული. მე იმედი მაქვს, რომ ნორჩი მუსიკოსები წელსაც ძალიან საინტერესო შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილნი. აღნიშნული ფესტივალი დაფინანსებულია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ და მონაწილეთათვის სრულიად უფასოა ფესტივალში მონაწილეობა. ჩვენ ამისთვის რა საკვირველია მადლობა უნდა ვუთხრათ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს. ეს ფესტივალი ერთის მხრივ თელავის მუნიციპალიტეტის საუკეთესო მუსიკალურ ტრადიციებს აგრძელებს და მეორეს მხრივ ბატონ შალვა დავითაშვილის სახელს უკვდაყოფს“,-განაცხადა ფიქრია ყუშიტაშვილმა.
კონკურსის მიზანს შალვა დავითაშვილის შემოქმედების პოპულარიზაცია წარმოადგენს, ამისთვის კი ახალგაზრდა მუსიკოსი შემსრულებელები ერთ ნაწარმოებს სწორედ შალვა დავითაშვილის შემოქმედებიდან გააცოცხლებენ.