თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საჯარო რეესტრის თავმჯდომარე – დავით დევიძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან, მერის მოადგილესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა დეტალურად განიხილეს.
კახეთის მხარეში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას წარმატებით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, თელავის მუნიციპალიტეტში არსებული მიწის ნაკვეთების აზომვა აქტიურად მიმდინარეობს და საველე სამუშაოები დასკვნით ფაზაში შედის.
მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).
2022-2024 წლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
მერიის ცნობით, 2022 წლიდან დღემდე აზომილია 927 185 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 700 000 მიწის ნაკვეთზე.
შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule
შეგახსენებთ, რომ პროექტით სარგებლობა მოქალაქეებს შეუძლიათ უფასოდ.