თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკვე დაუბრუნა მერიას.
საკრებულოს ინფორმაციით, მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 39 მილიონ 923 ათასი ლარით განისაზღვრება, რაც გასული წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტს 4 მილიონი ლარით აღემატება.
წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, 2024 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის განხილვა კომისიებსა და ფრაქციებს 22 დეკემბრამდე შეეძლებათ, ხოლო საკრებულოს დასამტკიცებლად 1 იანვრამდე წარედგინება.
საკრებულომ ამასთანავე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილების შეტანის მიზნით.