თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით, ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორმა ნუციკო დეკანოზიშვილმა, თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან სალექციო ტიპის შეხვედრა ჩაატრა.
ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორმა, პოეტმა და მწერალმა ნუციკო დეკანოზიშვილმა თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ისაუბრა ქართული ენის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, მის კულტურულ მნიშვნელობასა და ღირებულებებზე.
„დღევანდელი სალექციო კურსი მოიცავდა დედაენის დღესთან დაკავშირებულ ლექციას/სემინარს. მოსწავლეებთან ვისაუბრე იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 1978 წელს, როგორ გაერთიანდა მთლიანად ქართველი ერი ენის დასაცავად. იმისთვის, რომ სახელმწიფო ენად დარჩენილიყო ქართული ენა. ეს იყო უპრეცედენტო თანხმობა ქართველი ერის, რომელმაც გამოიღო ძალიან დიდი შედეგი და დაკანონდა ეს დღე, 14 აპრილი, როგორც დედაენის დღე. დღეს ვისაუბრე ქართული ენის უნიკალური მოცემულობის შესახებ, რომელიც არანაირად არ არის სტატიკური, იგი მოძრავია, ცოცხალია და საჭიროებს მუდმივ მოფრთხილებას, ზრუნვას, მასზე ფიქრსა და დაცვას“, – აღნიშნა ნუციკო დეკანოზიშვილმა.
სალექციო ხასიათის შეხვედრას თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პერფორმანსში. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.