თელავის მუნიციპალიტეტი იაპონიის ქალაქ უშიკუს დელეგაციას მასპინძლობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, შეხვდნენ იაპონიის ქალაქ უშიკუს დელეგაციას, რომელიც ოფიციალური ვიზით იმყოფება თელავში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს ორ ქალაქს შორის ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა მზაობა დაადასტურეს ორმხრივი თანამშრომლობისთვის.
ქართულ და იაპონურ მხარეს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თელავისა და უშიკუს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ქალაქების მიერ ერთობლივად შემუშავებული პროექტებით ისარგებლონ და ჩაერთონ სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში იაპონიის ელჩის მოადგილე ჰორიგუჩი გოსიკე.
იაპონიის ქალაქ უშიკუს დელეგაცია, თელავის მუნიციპალიტეტში ვიზიტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდება და ეწვევა სპორტულ კლუბებს, ხოლო ხვალ, 26 მაისს, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.