თელავის მერის მოწვევით ახალგაზრდებს ლევან გიგინეიშვილი და რუსუდან ბოლქვაძე შეხვდნენ

დღეს, 7 მარტს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, თელავის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ანდრიაშვილის მოწვევით, თელაველ ახალგაზრდებს ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი და მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე შეხვდნენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სალექციო ტიპის შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 8 მარტსა და გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებული თემა – ქალის როლი საზოგადოებაში, ასევე მომხსენებლებმა ახალგაზრდებს გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება.

ფილოლოგიის დოქტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა, ახალგაზრდებთან ერთად ისაუბრა ქალის როლზე საქართველოში, ასევე ქართულ ლიტერატურაში.

„დღეს ვისაუბრე ქალების როლზე საზოგადოებაში, რომ ქალი ისევე როგორც კაცი, შესაძლოა იყოს პოლიტიკაში და ქონდეს აქტიური სოციალური როლი. მოვიყვანე ფილოსოფიური მაგალითები პლატონის წიგნიდან ქალის და კაცის ღირსების სრული თანასწორობის შესახებ. ვისაუბრე თანამედროვე დამახინჯებულ წარმოდგენებზე გენდერის საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. აუდიტორია აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში. ვფიქრობ, კარგი იქნება ხშირად ჩატარდეს მსგავსი ტიპის შეხვედრები. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და წინასწარ მივულოცო ქალბატონებს 8 მარტი“, – განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.

თეატრისა და კინოს მსახიობმა, რუსუდან ბოლქვაძემ, დამსწრე საზოგადოებას, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და ისაუბრა იმ ნაბიჯებსა და მიღწევებზე, რომელიც მან, როგორც ქალმა გაიარა.

„ძალიან მიხარია რომ თელავში ჩამოვედი და მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ახალგაზრდებს. უნდა აღინიშნოს, რომ ცოცხალი და საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა. ახალგაზრდები დაინტერესდნენ მსახიობის პროფესიით, იმ როლებით რომელიც შემისრულებია. დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი იყო ჩემი საყვარელი როლი რომელიც მითამაშია და მეც სიამოვნებით გავუზიარე ახალგაზრდებს ჩემი როლების, პერსონაჟების შესახებ ინფორმაცია. ვისაუბრე ისეთ თემებზე როგორიცაა: სიყვარული, კეთილშობილება, კაცთმოყვარეობა, ასევე ქალის როლზე და დღევანდელ რეალობაში არსებულ სხვა საჭირბოროტო საკითხებზე. ძალიან საინტერესო იყო და მადლობელი ვარ სტუდენტების მხრიდან ასეთი ინტერესისთვის“, – ღნიშნა რუსუდან ბოლქვაძემ.

მოწვეული სპიკერების პარალელურად, ახალგაზრდებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი შეხვდა.

თელავის მუნიციპლაიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ისაუბრა საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების მნიშვნელობაზე, მის ღირებულებაზე, ასევე 8 მარტი მიულოცა ყველა ქალბატონს და აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიულად შემდგარი ქალების როლი როგორც საზოგადოებაში, ასევე ოჯახში.

შეგეხსენებთ, რომ შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.